ბიომი სხვადასხვა ორგანიზმის და მათი საბინადრო გარემოს ერთობლიობაა.

вторник, 10 марта 2015 г.

უდაბნოები









ტემპერატურული რეჟიმის მიხედვით, ანსხვავებენ ორი ტიპის უდაბნოს – თბილზამთრიანსა (ტროპიკულსა და სუბტროპიკულ განედებში) და ცივზამთრიანს – ზომიერი კლიმატის სარტყლის უდაბნოები. ნებისმიერ უდაბნოში ნალექების აორთქლება საგრძნობლად ჭარბობს მის მოსვლას. უდაბნოებისათვის დამახასიათებელია წელიწადში 200 მმ–ზე ნაკლები ნალექი, ძალიან მშრალ, ჰიპერარიდულ უდაბნოთა კატეგორიას მიეკუთვნება წელიწადში 50 მმ-ზე ნაკლები ნალექების მქონე რაიონები. ნახევარუდაბნოებში ნალექების რაოდენობა 200–400 მმ შორის მერყეობს. ნიადაგის მექანიკური და ქიმიური შედგენილობის მიხედვით, გამოყოფენ შემდეგი სახის უდაბნოებს: ქვიანი და ქვა-ღორღიანი (ჰამადა), ქვიშიანი ან მლაშობი (მლაშნარ–ბიცობიანი), თაბაშირიანი და თიხნარი უდაბნოები; თიხნარი უდაბნოების დატბორვისა და წყლის აორთქლების შედეგად წარმოიქმნება დამსკდარი ნიადაგი. ასეთ უდაბნოს თაყირს უწოდებენ. უდაბნოთა მშრალი ხეობები ხევხმელების სახელწოდებით არის ცნობილი. უდაბნოთა ცალკე ჯგუფად გამოყოფენ ცენტრალური აზიის 156 მაღალმთის უდაბნოებს (მაგ., ტიბეტის ზეგნის, პამირის უდაბნოები). სხვადასხვა სუბსტრატთან შეგუების მიხედვით ცნობილია მცენარეთა შემდეგი ედაფური ტიპები: ფსამოფიტები (ქვიშაზე დასახლებულები), ჰალოფიტები (მლაშე ნიადაგზე მცხოვრებნი), პეტროფიტები (ქვაზე დასახლებულები). უდაბნოს ფიზიონომიის, მისი საერთო იერსახის ყველაზე ნიშანდობლივი მახასიათებელია მისი გაშლილი სივრცე. აღნიშნულს განაპირობებს მცენარეთა საფრის სიმეჩხრე. ექსტრაარიდული უდაბნოების ყველაზე „მოშიშვლებული“ ადგილები მღიერებით არიან დასახლებულები. სხვაგან, რამდენადმე უფრო მეტი ნალექებიც კი (100- 200მმ), უდაბნოს მეტწილად ბუჩქებსა და ნახევარბუჩქებს არ აძლევენ საშუალებას შექმნან შეკრული ცენოზი. საქმე ის არის, რომ გრუნტის ღარიბ წყალზე კონკურენციის თავიდან ასაცილებლად მცენარეები მეჩხრად იზრდებიან. უდაბნოების მკაცრ პირობებთან შეგუებულ მცენარეთა სასიცოცხლო ფორმებიდან აღსანიშნავია გეოფიტები (ბერძნ. Geo - მიწა, დედამიწა, phyton - მცენარე) – ეფემერები და ეფემეროიდები. გარემოს მშრალ, გვალვიან პერიოდს (ზოგჯერ უნალექობა რამდენიმე წელიწადს გრძელდება) ისინი ნიადაგში თესლის ან გორგლის სახით გადაიტანენ (მაგ., ქართული ზამბახი). ტენის დეფიციტი უდაბნოს მიწისზედა ორგანოებს სათანადო დაღს ასვამს. ამ მხრივ, ადგილობრივ მცენარეებს ორ ჯგუფად ყოფენ – სკლეროფიტებად და სუკულენტებად. სკლეროფილობა მცენარეში წყლის ასაორთქლებელი ზედაპირის რედუქციაში გამოიხატება. ამიტომ უდაბნოს სკლეროფიტურ მცენარეთა დიდი ნაწილი ან წვრილი და უხეში ფოთლებით, ანდა, საერთოდ, უფოთლობით (აფილური ფორმები) გამოირჩევიან. ფოთლებს არ ივითარებენ ჯუზღუნის სახეობები (Calligonum spp.), საქსაულები (Haloxylon spp.) და სხვ. სამაგიეროდ უდაბნოს არაერთ მცენარეს ნიადაგში ძალიან ღრმად ჩაშვებული ფესვთა სისტემა აქვს (იალღუნს 20 მ-მდე, ცერცვეკელას – 18 მ-მდე და ა.შ.). მსგავსი ფესვები უზრუნველყოფენ გრუნტის დიდი სიღრმეებიდან წყლის შეწოვას, ამიტომ ცერცვეკალას ფოთლები ჩვეულებრივი, არარედუცირებულია. სუკულენტები იზრდებიან როგორც სავანაში, ისე, მით უმეტეს, უდაბნოებში (ალოე, კაკტუსები და სხვ). უდაბნოების ცხოველთა ფაუნისტური შემადგენლობის ჩამოყალიბება ხდება იმავე ეკოლოგიური ფაქტორების ზემოქმედებით, რომლებიც განსაზღვრავენ ბიომის მცენარეული საფრის ფორმირებას. მაგრამ უდაბნოს სპეციფიკური აბიოტური ფაქტორები ცხოველებისაგან მოითხოვენ სულ სხვა სახის ადაპტაციებს, ვიდრე ეს მცენარეებს ესაჭიროებათ. ხანგრძლივი, არაკეთილმყოფელი პირობების დადგომისას ცხოველები უდაბნოში მასობრივად გადადიან აქტიური ცხოვრების წესიდან მოსვენების მდგომარეობაში (ცივ ზამთარში – ანაბიოზი, 157 ცხელ ზაფხულში – ესტივაცია). ცხოველებში ცხიმის რომელიმე ორგანოში (ნაწილში) ჭარბად დაგროვება ემსახურება საჭიროების შემთხვევაში ცხიმის მარაგის ქიმიური დაშლის გზით მეტაბოლიტური (ფიზიოლოგიური) წყლის წარმოქმნას (აქლემის კუზი). ეს მოვლენა კაქტუსში წყლის დაგროვების გარკვეული ანალოგიაა. უდაბნოს ცხოველები მზის ჭარბ რადიაციას თავს არიდებენ მესოროე ცხოვრების წესით (მწერები, ობობები, მღრღნელები, ქვეწარმავლები და სხვ.); დღე- ღამის განმავლობაში ცხოველები აქტიური ცხოვრების წესზე გადადიან შებინდებისას ან ღამით; უდაბნოს ძუძუმწოვრები დეფიციტურ წყალს სუკულენტური მცენარეების წვნით ან მსხვერპლის სისხლით ინაზღაურებენ. უდაბნოს ეკოსისტემა არამდგრადია, ამიტომ ადამიანისგან მისი ნებისმიერი სახით ხელყოფა (მცენარეთა საწვავად გამოყენება, საქონლით გადაძოვება) შეუქცევად ხასიათს ატარებს. ეს გასაგებია, ვინაიდან თვით ნახევრად არიდული ბიომების (სავანა, ნახევრად უდაბნოები) ხელყოფისას იწყება მათი დეზერტიფიკაცია (გაუდაბნოება). მაგალითად, საუკუნეების მანძილზე საჰარის პერიფერიული ზონის – სუბსაჰარის გაუდაბნოება ანთროპოგენური ზემოქმედებითაც მოხდა, კონკრეტულად, დედამიწის ამ ყველაზე დიდი უდაბნოს 7–9 მლნ კვ.კმ-ს დაემატა 1–2 მლნ კვ. კმ. გაუდაბნოებული ტერიტორია

Комментариев нет:

Отправить комментарий