ბიომი სხვადასხვა ორგანიზმის და მათი საბინადრო გარემოს ერთობლიობაა.

пятница, 20 марта 2015 г.

საქართველოს ცხოველთა სამყარო

უხერხემლოები

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები განაპირობებენ უხერხემლოთა ფაუნის სახეობრივ მრავალფეროვნებას. მათ შორის მრავალი ენდემია. უხერხემლოთა სხვადასხვა ჯგუფები განსხვავდებიან შესწავლის სისრულის მიხედვით, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული ტაქსონი საკმაოდ კარგადაა გამოკვლეული. ეს პირველ რიგში ითქმის პეპლებზე (Lepidoptera: Geometridae), ხოჭოებზე (Coleoptera: Curculionidae, Carabidae), ბრტყელ ჭიებზე (Nemathelmintes); სიფრიფანაფრთიანებზე (Hymenoptera), თანაბარფრთიანებზე (Hemiptera Psylloidea). ენდემური და საფრთხეში მყოფი უხერხემლოთა სახეობების სიმრავლით გამოირჩევა საქართველოს შემდეგი რაიონები: დიდი კავკასიონის მაღალმთიანეთი, კოლხეთი, ბორჯომის ხეობა, ივრის ზეგანი, მესხეთის ქედის სამხრეთ მთისწინები. 


1 დამატებითი დეტალური ინფორმაცია უხერხემლოთა შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა, თბილისი 2005; დოკუმენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია საიტიდან www.nacres.org 2 დამატებითი დეტალური ინფორმაცია ხერხემლიანთა ჯგუფების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა, თბილისი 2005;; დოკუმენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია საიტიდან www.nacres.org
საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია დ ა მოქმედებათა გეგმა
ხერხემლიანები

თევზები

საქართველოს მტკნარ წყლებში გავრცელებულია თევზების 80-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორის ბევრი ენდემურია. მაგალითად, მტკვრის აუზში გავრცელებული 12 სახეობის თევზიდან, 9 მტკვრისა და მისი შენაკადების ენდემს წარმოადგენს. მათ შორის აღსანიშნავია მტკვრის წვერა (Barbus lacerta), მურწა (Barbus mursa), ჭანარი (Barbus capito) და სხვ. შავი ზღვის აუზის თევზებიდან 6 სახეობა ენდემს წარმოადგენს; გარდა ამისა, აქ გავრცელებულია ზუთხისებრთა ოჯახის 5 სახეობა, რომელთა შორისაა გაქრობის პირას მყოფი ატლანტური ზუთხი (Acipenser sturio). გარდა ადგილობრივი სახეობებისა, საქართველოში გვხვდება 9 ინტროდუცირებული სახეობა, მათ შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კარჩხანა (Carasius carasius).

ამფიბიები

საქართველოში გავრცელებულია ამფიბიების 12 სახეობა. მათგან აღსანიშნავია კავკასიური სალამანდრა (Mertensialla caucasica), სირიული მყვარი (Pelobates syriacus), კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus) და სხვ. ამფიბიათა სახეობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ჰაბიტატს წარმოადგენს მთიანი კოლხეთის ტყეები. როგორც სირიული მყვარის არეალი, მნიშვნელოვანია გარდაბნის ველი.

ქვეწარმავლები

საქართველოში გავრცელებულია ქვეწარმავლების 50-ზე მეტი სახეობა. მათ შორისაა: 3 სახეობის კუ; 27 სახეობის ხვლიკი და 23 სახეობის გველი. ამათგან Pelias-ს გვარის წარმომადგენელი სამი სახეობის გველი და Archaeolacerta-ს წარმომადგენელი 12 სახეობის ხვლიკი კავკასიის ენდემია. კავკასიის ენდემებს წარმოადგენენ აგრეთვე ამიერკავკასიური მცურავი (Elaphe hohenackeri), კავკასიური გველგესლა (Pelias kaznakovi) და სხვ. მრავალი სახეობა მოწყვლადია მსოფლიო არეალის ფარგლებში.

ფრინველები

საქართველოში გვხვდება ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა. მიგრირებადი სახეობებისთვის მნიშვნელოვანი დასასვენებელი და დასაზამთრებელი ადგილებია კოლხეთის დაბლობი (სანაპირო ზოლისა და პალიასტომის ტბის ჩათვლით) და ჯავახეთის ზეგნის ტბების სისტემა. საქართველოში გავრცელებული ფრინველებიდან 3 კავკასიის ენდემს წარმოადგენს: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewiczi), კავკასიური შურთხი (Tetraogalus caspius) და კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzi).

ძუძუმწოვრები

წვრილი ძუძუმწოვრები

საქართველოში გავრცელებულია წვრილი ძუძუმწოვრების ოთხი რიგის 79 სახეობა: მწერიჭამიები - 10 სახეობა, ხელფრთიანები - 29 სახეობა, მღრღნელები - 39 სახეობა და კურდღლისნაირები - 1 სახეობა. წვრილი ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიის ენდემური სახეობები, როგორიცაა: Sorex caucasica, Sorex volnuchini, Talpa caucasica, Neomis schelkovnikovi, Sicista caucasica, Sicista khlukhorica, Sicista kazbegica, Prometheomys schaposchnikovi Chionomys gud და სხვა. არაენდემური სახეობებიდან აღსანიშნავია Suncus etruscus, Sciurus anomalus, Allactaga elater, Rhinolopus euriale, Rhinolopus mehelyi, Myotis emarginatus და სხვა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოში გვხვდება ინტროდუცირებული სახეობები (Sciurus vulgaris, Myocastor coypus, Ondatra zibethicus).

მსხვილი ძუძუმწოვრები

საქართველოში გავრცელებულია მსხვილი ძუძუმწოვრების სამი რიგის - მტაცებლების, წყვილჩლიქოსნების, ვეშაპისნაირების - 30 სახეობა. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან დაიწყო მსხვილ ძუძუმწოვართა არეალებისა და რიცხოვნობის კატასტროფული შემცირება. ამჟამად მრავალი მათგანი გაქრობის საფრთხის წინაშეა. ჯიქისა და ზოლიანი აფთრის მხოლოდ ერთეული ეგზემპლარებიღა შემორჩა. მთლიანად გაქრა ქურციკი და ნიამორის სამხრეთი (თრიალეთის ქედის) პოპულაცია. მსხვილ ძუძუმწოვრებს შორის აღსანიშნავია ორი სხეობის ჯიხვი: : Capra cylindricornis და C. caucasuca, რომლებიც კავკასიის ენდემებს წარმოადგენენ.

წყარო

Комментариев нет:

Отправить комментарий